რას (არ) ვაპროტესტებთ უნივერსიტეტში ევროინტეგრაციისთვის?

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.[2] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიაში წერია, რომ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების[3] ერთგულია, მისი უმთავრესი ღირებულებებია: ჰუმანიზმი, ღიაობა, ანგარიშვალდებულება, პიროვნული პოტენციალის სრულყოფილი რეალიზებისთვის ხელშეწყობა, აკადემიური კეთილსინდისიერება, ინკლუზიურობა და ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, სწავლა-სწავლებისა და კვლევის  ინტერნაციონალიზაცია.[4]

კონსტიტუციით განსაზღვრული ევროინტეგრაციის ვალდებულების შესრულება ეხება არა მხოლოდ კონსტიტუციურ ორგანოებს, არამედ ვრცელდება ასევე უნივერსიტეტებზე, რომლებსაც აკისრიათ განსაკუთრებული როლი ამ პროცესის წარმართვაზე სწავლების და კვლევის მეშვეობით. უნივერსიტეტი, რომელიც აცხადებს, რომ უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების ერთულია, მისი ყოველი წევრის საქმიანობა ამ ევროპული ღირებულებების დაცვას უნდა განსასახიერებდეს, ხოლო თუ საფრთხე ემუქრება ამ ღირებულებებს, მათი დაცვისთვის ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, მათ შორის მიმართოს პროტესტის სხვადასხვა ფორმებს.

ბოლო პერიოდში, განსკუთრებით 2022-2024 წლებში, საქართველო განსხვავებულმა პროტესტმა მოიცვა. ახალგზარდები გამოვიდნენ ქუჩაში ევროპული ინტეგრაციის დასაცავად. ქართული საზოგადოებისთვის სამოქალაქო პროტესტი უცხო არ არის, თუმცა ბოლო წლებში, ქვეყანაში არსებულმა პოლარიზაციამ, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი პასიური დამკვირვებლის როლში გადაიყვანა. თუმცა ყოველთვის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც საფრთხე ემუქრება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,  სამოქალაქო პროტესტი აქტიურდება და ეს იმედის მომცემია. რამდენიმე წელია მაქვს იდეა დამეწერა აკადემიური სტატია საქართველოს განათლების სისტემაში არსებული რთული მდგომარეობის შესახებ, თუმცა დღემდე ვერ მოვახერხე. ეს სურვილი კვლავ გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ერთი წლით ფლორენციაში, ევროპულ უნივერსიტეტში ვმუშაობ. მართალია პერიოდულად ჩამოვდივარ საქართველოში და საპროტესტო აქციებშიც ვმონაწილეობ, მაგრამ ძირითადად შორიდან ვაკვირდები განვითარებულ მოვლენებს. ალბათ სტატიის დაწერას დავუბრუნდები მომავალში, მაგრამ დღეს ამ ბლოგით გადავწყვიტე გამოვეხმაურო ევროინტეგრაციის დასაცავად, განსაკუთრებით ბათუმის უნივერსიტეტში მიმდინარე ევროპულ საპროტესტო მოძრაობას.

ბსუ-თან თითქმის 30 წელი ვარ დაკავშირებული. 1994-1999 წლებში ვიყავი სტუდენტი, ხოლო 2000 წლიდან ვარ უნივერსიტეტის ლექტორი. 2007-2008 წლებში ვიყავი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), 2014-2018 წლებში აკადემიური საბჭოს წევრი. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი საჯარო სამსახურშიც, მაგრამ უნივერსიტეტში ლექტორობა არ შემიწყვეტია. ბოლო 14 წელი მხოლოდ უნივერსიტეტში ვმუშაობ. ვარ პროფესორი და მხოლოდ აკადემიური საქმიანობით ვარ დაკავებული (საქართველოში თუ უცხოეთში). აქედან ბოლო 5 წელი ევროკავშირს ვასწავლი და ევროკავშირის მხარდაჭერით ჟან მონეს პროექტებს ვახორციელებ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა და შემიძლია ჩემი დაკვირვება გაგიზიაროთ.

ჩემი აკადემიური კარიერის განმავლობაში, ბათუმის უნივერსიტეტში რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, როდესაც სტუდენტები და ლექტორები ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ. ჩემს მეხსიერებაში ასეთი პირველი პროტესტი უკავშირდება 2004 წელს, ბრძოლას აჭარაში ასლან აბაშიძის ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელშიც ბსუ-ს სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მეც ვმონაწილეობდი. მეორე საპროტესტო გამოსვლები მახსოვს 2007 წლის ნოემბერში, რაც თბილისში გამართული საპროტესტო აქციებსა და საქართველოს მთავრობის ქმედებებზე გამოხმაურებას წარმოადგენდა. ამ დროს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღანელის თანამდებობა მეკავა. ასევე საპროტესტო აქციები გაიმართა უნივერსიტეტში 2011 და 2012 წელს, სადაც სტუდენტები საქართველოს მთავრობის ქმედებებს აპოტესტებდნენ. ამ დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი, რადგან ვიყავი ევროპაში, პოსტ სადოქტორო კვლევითი ვიზიტით[5] და საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავბრუნდი. და ბოლოს, სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლებს ადგილი ჰქონდა 2023 წლის მარტში[6], 2024 წლის აპრილსა[7] და მაისში,[8] რაც ხელისუფლების მიერ ე.წ. რუსული კანონის ჯერ ინიცირებამ,[9] ხოლო შემდეგ მიღებამ[10] გამოიწვია. ეს იყო საკმაოდ მასშტაბური აქციები რომელშიც აქტიურად ვმონაწილეობდი სტუდენტებთან[11] და ცალკეულ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.[12] ჩემი აზრით, ბოლო 2023-2024 წლების აქციები წინა პროტესტებისგან სრულიად განსხვავებული იყო. წინა შემთხვევებში, პროტესტი ყოველთვის უკავშირდებოდა ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, რასაც საზოგადოება აპროტესტებდა. ბოლო შემთხვევაში კი პროტესტი მიმართული იყო ისეთი საერთო მიზნის დაცვაზე, როგორიცაა საქართველოს ევროინტეგრაცია, რამაც აშკარად პრორუსული ჯგუფების გარდა, თითქმის ყველა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანი  გააერთიანა.

როგორც გახსოვთ, მთავრობამ ე.წ. რუსული კანონი პირველად პარლამენტში 2023 წელს წარადგინა, თუმცა ძლიერი საპროტესტო აქციების შედეგად, იძულებული გახდა უარი ეთქვა მის მიღებაზე[13]  და უფრო მეტიც, განაცხადა, რომ ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდა.[14] თუმცა 2024 წელს მთავრობამ კვლავ განაახლა კანონპროექტის განხილვა პარლამენტში და საბოლოოდ მიიღო კიდეც ე. წ. რუსული კანონი. კანონის ამოქმედებამ მძიმე შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა[15] და საბოლოოდ შეჩერდა[16]. მთავრობის გადაწყვეტილებამ გააერთიანა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეები, ასევე ბევრი ე.წ. აპოლიტიკური ადამიანი, მათ შორის პირველ რიგში სტუდენტები, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში პროფესორ-მასწავლებლებიც.[17] ჩემი აზრით, ამ პროტესტების კიდევ ერთი საერთო მახასიათებელი არის ის, რომ უნივერსიტეტში თითქმის ყველა პერიოდში, პროტესტს გამოთქვამდა პროფესორ-მასწავლებელთა უმცირესობა, დიდი უმრავლესობა კი ყოველთვის იყო ჩუმად, მხარს უჭერდა მმართველი პარტიას ან ბოლო მომენტში, როცა უკვე აშაკარა იყო ცვლილებები, გამოხატავდა თავის პოზიციას.

რით არის გამოწვეული ის რომ უნივერსიტეტში თანამშრომელთა და სტუდენტთა დიდი ნაწილი ღიად არ აპროტესტებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საწინააღმდეგო პოლიტიკას, რაც სრულიად ნათელი უნდა იყოს ნებისმიერი განათლებული ადამიანისთვის? არის ეს საკითხი დაკავშირებული გამჭვირვალობასთან, რასაც ასე ხშირად იმეორებს საქართველოს ხელისუფლება? არის ეს გამჭვირვალობა აუცილებელი უცხოური დაფინანსების სფეროში თუ სადმე სხვაგან? ამ კითხვებზე პასუხები საქართველოს განათლების და მეცნიერების მართვის სისტემაში უნდა ვეძებოთ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უნივერსიტეტები არ არიან ავტონომიური, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ინსტიტუციები. მართალია კანონმდებლობით გაწერილია თუ როგორ მუშაობს უნივერსიტეტი, მისი სტრუქტურა, საუნივერსიტეტო არჩევნები თუ ფინანსური რესურსების განკარგვის წესები,[18] თუმცა რეალურ პრაქტიკაში საერთოდ სხვა ვითარებაა.

ჩემი აზრით, არსებული ვითარების ასახსნელად, პირველი და უმთავრესი საკითხია, თუ როგორ ყალიბდება საუნივერსიტეტო საზოგადოება, რომელიც უნდა ახორციელებდეს სწავლებას და კვლევას დამოუკიდებლად, აკადემიური თავისუფლების ფარგლებში და პროფესიული ეთიკის დაცვით. ამ თვალსაზრისით  საუნივერსიტეტო საზოგადოება სამართლიანი პროცედურით მხოლოდ ნაწილობრივ ყალიბდება. პირველ რიგში, ესენი არიან სტუდენტები, ვინც უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ირიცხებიან, რაც დღემდე გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ერთადერთ სამართლიან წესად რჩება. უნივერსიტეტში ბევრი კვალიფიციური, წესიერი ადამიანი მუშაობს, თუმცა ზოგადად, საუნივერსიტეტო საზოგადოების მეორე კომპონენტი – პროფესურა არ ყალიბდება სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების საფუძველზე. კანონის მიხედვით, უნივერსიტეტში პროფესორები მიიღებიან კონკურსის საფუძველზე, თუმცა ეს პროცედურა არის მხოლოდ ფორმალობა. თითქმის არასდროს არის ამ კონკურსებში შეჯიბრი და ხშირად ერთ აკადემიურ პოზიციაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს. თითქმის ყოველთვის პროფესორის თანამდებობაზე (რა რანგის თანამდებობაც არ უნდა იყოს იგი), წინასწარ ცნობილია თუ ვისთვის ცხადდება ეს კონკურსი და ამ კანდიდატსაც წინასწარ აქვს საკითხი „გარკვეული“ ადმინისტრაციასთან თავისი მომავალი თანამდებობის დაკავების შესახებ. ანუ აქ რეალურად საკონკურსო, საუკეთესოს არჩევის საკითხი არ დგას დღის წესრიგში. ფაქტიურად საფუძვლიანად არავინ ამოწმებს თუ რა კომპეტენცია გააჩნიათ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც შემდეგ უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს უნდა ასწავლონ სხვადასხვა სასწავლო კურსები. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ლექტორების დიდი ნაწილი ყოველწლიური კონტრაქტების საფუძველზე, ძალიან დაბალი ანაზღაურებით მიიღებიან უნივერსიტეტში, რაც არასტაბილურ სამუშაო პირობებს უქმნის დასაქმებულებს, ხოლო ადმინისტრაციას მათზე ზემოქმედების შეუზღუდავ შესაძლებლობებს.

ასეთ ვითარებაში, უნივერსიტეტი ძირითადად გადაქცეულია დასაქმების ადგილად, სადაც ყველას შეუძლია გახდეს ლექტორი და ასწავლოს ნებისმიერი საგანი სტუდენტებს. ალბათ ვერ გაიხსენებთ ბოლო წლებში შემთხვევას, როდესაც რომელიმე კანდიდატმა გააპროტესტა აკადემიური კონკურსის შედეგები. ამის მიზეზი არის ის, რომ ცხადდება იმდენი ვაკანსია, რამდენიც წინასწარ არის განსაზღვრული კონკრეტული პირებისთვის და საკონკურსოც აქ არაფერია. საქართველოში ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ თუ რა კვალიფიკაციის ადამიანები ასწავლიან უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი ხშირად ამაყობს პროგრამების მრავალფეროვნებით, თუმცა რეალურად არსებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობის შესაბამისი პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური, სამეცნიერო რესურსი ქვეყანაში არც არსებობს. თუ ჩვენთან სტუდენტს კითხავთ რატომ ჩააბარა კონკრეტულ უნივერსიტეტში, მიიღებთ ისეთ უცნაურ პასუხს, როგორიცაა მაგალითად, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. ამ დროს, ხშირ შემთხვევაში, სტუდენტი საერთოდ არ ინტერესდება თუ ვინ და რა კვალიფიკაციის ადამიანები იქნებიან მისი მომავალი ლექტორები, საერთოდ არ იცნობს ამ პროფესორების კვლევებს, კვალიფიკაციას და მიღწევებს.

ამიტომაც უნივერსიტეტი, სადაც საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდი ნაწილი ყალიბდება ამგვარი, სრულიად გაუმჭვირვალე, დახურული, ნეპოტიზმზე დამყარებული პროცედურით,[19] არ არის თავისუფალი სამთავრობო კონიუნქტურისგან და არ გამოხატავს პროტესტს საკითხებზე, რომელიც უკავშირდება მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკას, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერება. პროფესორ-მასწავლებელთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თუ გამოხატავენ ადმინისტრაციის ან მთავრობის საწინააღმდეგო პოზიციას, შეიძლება პრობლემები შეექმნათ, მაგალითად, შეეზღუდოთ დაფინანსება, არ დააწინაურონ, დაკარგონ სამსახური და აშ. ადმინისტრაციას შეუძლია მომავალ კონკურსზე უბრალოდ აღარ აირჩიოს ეს ადამიანები აკადემიურ თანამდებობაზე ან არ გაუგრძელოს ყოველწლიური კონტრაქტი მოწვეულ ლექტორებს.[20]

კიდევ ერთი საკითხი, რაც უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის იდეის დაცვასთან არის დაკავშირებული, არის პროფესორების მიერ დაფინანსების მიღება კვლევებისთვის. საქართველოში პროფესორის ანაზღაურება არის ძალიან დაბალი. მაგალითად, სრული პროფესორის ხელფასი საქართველოში არის დაახლოებით 800 ევრო, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში საშუალოდ მინიმალური ხელფასი 2500 ევრო მაინც არის. გარდა შრომის ანაზღაურებისა, კვლევების განხორციელებისთვის პროფესორს სჭირდება დამატებითი დაფინანსება. ასეთი დაფინანსების მოპოვების რამდენიმე გზა არსებობს – ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ეროვნულ დონეზე კვლევებისთვის დაფინანსების მოპოვების ფაქტიურად ერთადერთი შესაძლებლობა არის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. მეორე შესაძლებლობა არის საუნივერსიტეტო დონეზე ე.წ. შიდა გრანტების მოპოვება. მართალია რუსთაველის სამეცნიერო ფონდში დაფინანსების მოპოვება საკონკურსო წესით ხდება, თუმცა არსებობს გაკვეული კითხვები[21] ამ ფონდის მიერ საგრანტო კონკურსების გამჭვირვალობის,[22] საგრანტო განაცხადების შემფასებელ კომისიაში ექსპერტების მონაწილეობის შესახებ.[23] ასევე ფონდში საგრანტო განაცხადის წარდგენა ხდება უნივერსიტეტის სახელით და აქაც პროფესორი სრულად დამოკიდებულია კონკრეტული უნივერსიტეტის ადმინისტრაციაზე, მაშინ როცა საერთაშორისო პრაქტიკა სხვაგვარია. მაგალითად, ევროპის კვლევით საბჭოში[24] განაცხადის წარდგენა შეუძლია ინდივიდუალურად პროფესორს, ხოლო დაფინანსების მოპოვების შემდეგ შეუძლია გადაწყვიტოს სად, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს თავის კვლევას. საერთაშორისო დაფინანსების მოპოვება მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის კვლევებს, პუბლიკაციებს და აშ., რაც უნივერსიტეტში პროფესორების ძალიან მცირე ნაწილს გააჩნია. ამიტომაც პროფესორ-მასწავლებელთ ნაწილი ცდილობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან აწარმოოს მოლაპარაკებები და მიიღოს ე.წ. შიდა საგრანტო დაფინანსება. ასეთი არის სამწუხარო რეალობა.

ამგვარად, უნივერსიტეტში, პროფესორი მთლიანად დამოკიდებულია ადმინისტრაციაზე. ე.წ. შიდა გრანტები, რომელიც შემოღებულ იქნა პროფესორ-მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით,[25] და რომელიც როგორც წესი, კონკურსის წესით გაიცემა,[26] ყოველი წლის ბოლოს[27] ასევე ნაწილდება გაუმჭვირვალე, უკონკურენტო პირობებში და აქაც ხშირად წინასწარ ცნობილია თუ ვის უნდა მიეცეს საგრანტო დაფინანსება. უნივერსიტეტს თავისუფლად შეუძლია მართოს ეს პროცესი და გადაწყვიტოს ვის მიანიჭოს დაფინსება.[28] ამ საგრანტო კონკურსებზე არ არსებობს რაიმე საერთაშორისო შეფასების კომპონენტი და განაცხადების განხილვა უშუალოდ კოლეგების მიერ ხდება, რაც სულ მცირე არ შეესაბამება აკადემიური ეთიკის ნორმებს. ამგვარად დამკვიდრებულია სისტემა, რომელიც პროფესორს მთლიანად დამოკიდებულს ხდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაზე და თავისუფლება სრულად უგულებელყოფილია. ასეთი ვითარების გამო, პროფესორების დიდ ნაწილს, რომლებმაც იციან თუ როგორ დაიკავეს აკადემიური თანამდებობა, ან მიიღეს დაფინანსება, ურჩევნიათ იყვნენ ჩუმად და არაფერი გააპროტესტონ. ამიტომაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა უმრავლესობას, რომლებიც დღეს ახორციელებენ კვლევით პროექტებს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის,[29] ბსუ-ს შიდა გრანტების[30] თუ სხვა დაფინანსებით,[31]  საერთოდ არ აპროტესტებენ ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო კანონის მიღებას. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი მთავრობის მიერ ორგანიზებულ პოპულისტურ, პროპაგანდისტულ, ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო აქციებშიც მონაწილეობდა. სწორედ მსგავსი გარემოებების გათვალიწინებით, სტუდენტები რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, მიიჩნევდნენ რომ ლექტორებს ეშინიათ აქციაში მონაწილეობა.[32]

თუმცა ამავე დროს, არსებობს პროფესორების მეორე, შედარებით მცირე ნაწილი, რომლებიც აპროტესტებენ ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო კანონმდებლობას. როგორც ბოლო, 2024 წლის საპროტესტო აქციებმა აჩვენა, ასეთი პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა ძალიან მცირეა.[33] ესენი არიან ერთი და იგივე ადამიანები, ვინც ყოველთვის გამოხატავენ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების და მათ შორის აპროტესტებდნენ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საწინააღმდეგო პოლიტიკას. შესაძლებელია ამ ადამიანებსაც შეექმნათ პრობლემები მთავრობის ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან, თუმცა მათთვის ეს არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი. პირადად ჩემთვის ევროკავშირის მხარდაჭერა, გარდა იმისა რომ სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებ,  ასევე გარკვეული დამოუკიდებლობის გარანტიაა. როცა ქვეყნის შიგნით თითქმის ყველგან არის ჩაწყობა, ნეპოტიზმი, გაუმჭვირვალობა, პოლიტიკური ნიშნით შეზღუდვები, ევროკავშირმა სამჯერ მომცა შესაძლებლობა საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვების გზით, ჩემს უნივერსიტეტში გამეგრძელებინა საქმიანობა ევროპული ინტეგრაციის სწავლისა და კვლევისთვის. ეს შესაძლებლობას არ მომცა არც ჩემმა უნივერსიტეტმა და არც სახელმწიფომ არსებული გაუმჭვირვალე პროცედურების გამო.[34] დღეს კი სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით მომუშავე, აქტიურ პროფესორ-მასწავლებლებს უცხოური გავლენის აგენტებად აცხადებს მთავრობა, მხოლოდ იმის გამო, რომ ევროკავშირისგან ვიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას, რაც არ გააჩნია საქართველოს სახელმწიფოს.

კიდევ ერთი საკითხი რაზედაც მინდა გავამახვილო ყურადღება, არის ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტები უნივერსიტეტში.[35] ასეთი ბევრი პროექტი ხორციელდება ჩვენს უნივერსიტეტში, როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ის დაფინანსებით.[36] ბსუ-ს ორასზე მეტ უნივერსიტეტთან აქვს თანამშრრომლობა.[37] ბსუ-ში ხორციელდება ერაზმუს + პროგრამის სხვადასხვა პროექტები. ბსუ-ში გაიხსნა ასევე Horizon Europe-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი.[38] ადმინისტრაცია ყოველ წელს ამაყობს, რომ არის მესამე ადგილზე საქართველოში გაცვლითი პროგრამების რაოდენობით[39] და იმართება ღონისძიებები სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის აღსანიშნავად.[40] ასევე სტუდენტები ხშირად ბსუ-ში ჩაბარების ერთ-ერთ მთავარ მოტივაციად გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას მიიჩნევენ. ყველაზე სამწუხაროა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერებას არ აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც აქტიურად სარგებლობენ ჩვენი პარტნიორების დაფინანსებით, დღესაც და წარსულშიც[41] პროექტებში მონაწილეობენ სწორედ ევროკავშირის,[42] აშშ-ის[43] მხარდაჭერით. ისინი მოგზაურობენ ევროპაში,[44] აშშ-ში,[45] მათ შორის ქვეყანაში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს,[46]აქვეყნებენ სოციალურ მედიაში ფოტოებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან და უნივერსიტეტებიდან, თუმცა ხმას არ იღებენ ევროპული ინტეგრაციის საწინააღმდეგო პოლიტიკის მიმართ. ბოლო პტოტესტის დროს, როცა საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ მიიღო ე.წ. რუსული კანონი, აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან დაიწყო საუბრები საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მიმართ სანქციების გამოყენებაზე. ამ დროს მე მქონდა მოსაზრება გარკვეული სანქციები გატარებულიყო იმ პროფესორ-მასწავლებელების მიმართაც, ვინც ხელმძღვანელობდნენ აშშ-ის და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტებს, თუმცა არ გაუპროტესტებიათ კანონის მიღება. შესაძლებელია ვინმე არ დაეთანხმოს ამ მოსაზრებას, თუმცა ჩემთვის წარმოუდგენელია სარგებლობდე უცხოური მხარდაჭერით, ახორციელებდე პროექტებს და არ ეწინააღმდეგებოდე კანონს, რომელიც ანადგურებს ასეთ თანამშრომლობას.

ამ ადამიანებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ რუსული კანონის მიღება შესაძლებელია საფრთხე აღმოჩნდეს ერაზმუს+ პროგრამისთვის,[47] რომლითაც ჩვენ აქტიურად ვსარგებლობთ. სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგად, საბოლოოდ დაიხურა იგი რუსეთში და ბელორუსში 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ისიც აღსანიშნავია, რომ ბსუ-ს პროექტების უმეტესობა, რომლებიც ევროკავშირისგან ფინანსდება ხორციელდება ევროპული უნივერსიტეტების კოორდინატორობით. თუ არ ვცდები, ბსუ ამ პროექტებში მონაწილეობს მხოლოდ როგორც პარტნიორი.[48] ეს ნიშნავს, რომ ბსუ-დან ეს პროექტები არ წარუდგენიათ, ბსუ მხოლოდ პარტნიორად მიიწვიეს, რაც ხშირად ცალკეული პროფესორების უცხოელ კოლეგებთან კონტაქტის, ადმინისტრაციის კავშირების თუ ბსუ-ს ადგილმდებარეობის გამო ხდება. არ არის გამჭვირვალე ასევე ეს პროცესი და არავინ აკონტროლებს ბსუ-დან ამა თუ იმ პროექტში ვინ უნდა ჩაერთოს და არის თუ არა ეს პირი კომპეტენტური ამ პროექტისთვის. ასეთი განცდა გამიჩნდა რამდენიმე წლის წინ, საერთაშორისო პროექტების ანგარიშების წარდგენაზე, როცა ბსუ-ს სხვადასხვა პროექტის კოორდინატორებს მოვუსმინე. ამ პროექტების კოორდინატორების[49] თუ მონაწილეების[50] უმრავლესობას საერთოდ არ გამოუხატავთ თავიანთი პოზიცია[51] რუსული კანონის წინააღმდეგ, თუმცა პროექტების ფარგლებში კანონის მიღების და საპროტესტო აქციების მომენტშიც მოგზაურობდნენ ევროპაში.

რუსული კანონის წინააღმდეგ პოზიცია არ გამოუხატავს არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტრუქტურულ ერთეულებს, ფაკულტეტებს (7 ფაკულტეტი: ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებატა ფაკულტეტი, საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტი, ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ტურიზმის ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებატა ფაკულტეტი) და არც სტუდენტურ თვითმმართველობას, რომლებიც ასევე სარგებლობენ ევროპული დაფინანსებით და გაცვლითი პროგრამებით. პირიქით, როგორც გახსოვთ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საპროტესტო მოძრაობის საწინააღმდეგო განცხადებაც კი გაავრცელა 2024 წელს,[52] ხოლო სტუდენტური თვითმმართველობა, მედიის ინფორმაციით, ამ დროს ოპოზიციის, კრიტიკული მედიისწარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორის წევრების დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული.[53] ასევე გვახსოვს თუ როგორ წაშალა ევროკავშირის მხარდამჭერი პოსტი და ბანერი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან 2022 წელს[54] ისე რომ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. 2024 წელს ადმინისტრაციიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა[55] გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება[56] რუსული კანონის მიმართ. ზოგიერთი ადამიანი, ვისი პოზიციაც საჯაროდ არასდროს მინახავს, გამოჩნდა მხოლოდ ტელევიზიასთან ინტერვიუს მისაცემად და შემდეგ საპროტესტო კამპანიაში არ გვინახავს. იყო შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ პროპაგანდისტულ შეკრებაში „მამული, ენა, სარწმუნოება“  და ამის შესახებ საჯაროდ დაწერეს კიდეც სოციალურ მედიაში.

საპროტესტო კამპანიის დროს გამოჩნდა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყენებდნენ ხელისუფლების მიერ შექმნილ პროპაგანდას და დეზინფორმაციას პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ვინც აპროტესტებდა რუსული კანონის მიღებას. ცხადია, რომ ეს იყო დაგეგმილი სამთავრობო პროპაგანდის ნაწილი, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების[57] და პროფესორ-მასწავლებლების[58] წინააღმდეგ ხორციელდებოდა მთავრობის მიერ[59] და ემსახურება კრიტიკულად განწყობილი ადამიანებზე ზეწოლას, მათ გაჩუმებას და საპროტესტო აქციების შესუსტებას. სამწუხაროდ, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს უწყობენ ცალკეული პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც 2004 წლიდან დაკარგეს გარკვეული ფინანსური, პოლიტიკური „პრივილეგიები“ ან არსებული მთავრობისგან მიიღეს სარგებელი და წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულ ყველა რეფორმას[60] თუ ქმედებას მხოლოდ უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენენ, რაც არის დღევანდელი მმართველი პარტიის პოლიტიკის გაგრძელება. მაგალითად, 2024 წლის 6 მაისს სტუდენტებმა დაგეგმეს საპროტესტო აქცია, რომლის განცხადების ტექსტში მოხსენიებული იყო აჭარაში ვარდების რევოლუცია. როგორც იცით, 2004 წლის 6 მაისი არის ისტორიული თარიღი – დღე, როდესაც აჭარაში ასლან აბაშიძის ავტორიტარული ხელისუფლება შეიცვალა. მოგვიანებით ეს ტექსტი სტუდენტებს ჯგუფში წააშლევინეს. ეს მიუთითებს, რომ პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის გარკვეული ნაწილი (ვინც ასევე მონაწილეობდა ვარდების რევოლუციაში) ვარდების რევოლუციას უარყოფით მოვლენად განუმარტავენ სტუდენტებს. რეალურად კი ვარდების რევოლუცია იყო  არა ერთი პარტიის აქცია, არამედ საერთო სახალხო მოძრაობა, რომელმაც საფუძვლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყანა, მოიტანა განვითარება და მათ შორის ამ სტუდენტებს უნივერსიტეტში ქრთამის გარეშე ჩარიცხვის თუ ევროპაში სწავლის შესაძლებლობა მისცა.

კიდევ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ადამიანები არ აპროტესტებენ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საწინააღმდეგო პოლიტიკას, არის უნივერსიტეტის სრული დამოკიდებულება მთავრობაზე. ეს პირველ რიგში გამოწვეულია სახელმწიფო დაფინანსებით, რომელსაც უნივერსიტეტი პირდაპირ იღებს მთავრობისგან. ეს დაფინანსება განკუთვნილია ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ფინანსდება ასევე კვლევითი პროექტებიც. მაგალითად, ბსუ-ს 2024 წლის ბიუჯეტში  შეადგენს 36 917 213 ლარს. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უნივერსიტეტს თავისი ხარჯებით არ შეუძლია და ძირითადად სახელმწიფოსგან იღებს ფინანსურ მხარდაჭერას. ამ ბიუჯეტში მხოლოდ 300 000 არის გათვალიწინებული შიდა საუნივერსიტეტო მიზნობრივი დაფინანსების სახით ანუ აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერისთვის, რაც არის ბიუჯეტის 0.81%. ეს გულისხმობს მაგალითად, წელიწადში 2000 ლარის ოდენობის მხარდაჭერას საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის, მაშინ როდესაც უნივერსიტეტის  მართვასა და რეგულირებაზე იხარჯება 7 879 482 ლარი, ანუ ბიუჯეტის დაახლოებით 22 %.[61]

ამგვარად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სრულად დამოკიდებულია მთავრობის კეთილ ნებაზე, რის გამოც ისინი ხშირად არ ერიდებიან და პირდაპირ მონაწილეობენ მმართველი პარტიის შეხვედრებში[62]თუ საარჩევნო კამპანიებში და მადლობებსაც უხდიან მთავრობას. გახსოვთ საქართველოს მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აცხადებს, რომ მუშაობს უნივერსიტეტის დაფინანსების ახალ მოდელზე, თუმცა დღემდე ეს მოდელი მიღებული არ არის და მხოლოდ არჩევნების დროს გააქტიურდება. ამიტომაც ასეთი სრული დამოკიდებულების პირობებში, მთავრობა აქტიურად ერევა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის არჩევის საკითხშიც. ფორმალურად კანონის მიხედვით, უნივერსიტეტის რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო, თუმცა როგორც წინა არჩევნებმა აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თანამდებობის პირი[63]  უარყოფდა ჩარევას,[64] ამბობდნენ რომ ეს გამორიცხულია,[65] არჩევნები ჩატარდა მთავრობის და გარკვეული სამსახურების აქტიური ჩარევით. 2016 წელს, წინასწარ, მიზანმიმართულად, აკადემიური საბჭოს და ხელისუფლების წარმომადგენლების გარიგებით მოხდა არჩევნების ჩაშლა, შემდეგ კი გამოცხადდა თითქოს აკადემიურმა საბჭომ ვერ აირჩია რექტორი. იგივე მეთოდი განმეორდა 2024 წელს, როდესაც წინასწარ გაავრცლეს ინფრომაცია და ადამიანებს მოუწოდეს, რომ არავის შეეტანა განაცხადი რექტორის არჩევნებში, რადგან მოქმედი რექტორი უნდ აერჩიათ მოვალეობის შემსრულებლად 6 თვის ვადით. განაცხადი არავინ წარადგინა,[66] ადმინისტრაციამ კი გამოაცხადა, რომ რექტორი ვერ აირჩიეს და შემდეგ ჩატარდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები.[67] შესაბამისად წარდგენილ იქნა მხოლოდ ერთი განაცხადი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში,[68] რაც ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ შეფასა როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გავლენა და კონფორმიზმის შედეგი, თუმცა სხვებმა ასევე თქვეს, რომ უნივერსიტეტს ნაბიჯი უკან არ გადაუდგამს დემოკრატიული მართვის და ავტონომიურობის დაცვისთვალსაზრისით.[69]

რეალურად, ეს არის ზუსტად უკან გადაგმული ნაბიჯი დემოკრატიული მართვის და ავტონომიურობისდაცვის თვალსაზრისით და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევა, როდესაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის და პარლამენტის არჩევნების მიზნებიდან გამომდინარე ხდება უნივერსიტეტში არჩევნების ორგანიზება. იგივე პრაქტიკა არსებობს წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) არჩევნებთან დაკავშირებით,[70]როდესაც ეს თანამდებობის პირები ხშირად ვადაზე ადრე ტოვებდნენ თანამდებობეს.[71] ასეთივე პრაქტიკა მოქმედებს მართვის ორგანოების – აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევისას[72]. მაგალითად, 2022 წელს, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნებში [73] ყველა ფაკულტეტიდან/კვლევით ინსტიტუტიდან არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა [74], ხოლო შემდეგ, ეს კანდიდატები გამოცხადდნენ გამარჯვებულად [75] და ამგვარად დაკომპლექტდა აკადემიური საბჭო. ასეთი არჩევნები არის სრულიად ფორმალური და არ შეესაბამება საერთაშორისო აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნდამენტურ საარჩევნო პრინციპებს. ეს პრაქტიკა ვრცელდება ასევე უნივერსიტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულის – ფაკულტეტების ხელმძღვანელების არჩევნებზე. მაგალითად,  უნივერსიტეტში ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში ყოველთვის არის ერთი, წინასწარ შეთანხმებული კანდიდატი, რომელსაც ირჩევს ფაკულტეტის საბჭო და სხვა არავის უჩნდება არჩევნებში მონაწილეობის სურვილი.[76] ამგვარად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყალიბდება დახურული, გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად, მმართველი პარტიის, ცალკეული ვიწრო ჯგუფების და მთავრობის ინტერესების შესაბამისად, რაც აისახება პროფესორ-მასწავლებელთა პოზიციაზე ევროინტეგრაციის მიმართ.

ლოგიკურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა უმრავლესობა მხარს უჭერს მთავრობის ოფიციალურ პოზიციას, რომლის მიხედვით, მიღებული კანონი არ არის რუსული, იგი ემსახურება გამჭვირვალობას, საქართველოს დასავლეთი ითრევს ომში და აშ. ამ პოზიციების დამცველი ლექტორები სტუდენტებს უზიარებენ რუსულ დეზინფორმაციას ევროკავშირის შესახებ, რაც გავლენას ახდენს საერთო საპროტესტო განწყობაზე უნივერსიტეტში. მაგალითად, 2023 წელს უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე,[77] სტუდენტების გარკვეული ნაწილი, ასევე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, ამტკიცებდნენ, რომ ეს კანონი არ იყო რუსული და გამჭვირვალობას ემსახურებოდა. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი დღესაც იგივე პოზიციაზეა. ჩემი აზრით, მსგავსი განწყობის შექმნაში დიდი როლი მიუძღვით იმ ლექტორ-მასწავლებლებს, რომლებიც მიუხედავად მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო საექსპერტო განმარტებისა, ევროკავშირის სტრუქტურების, პარტნიორი ქვეყნების მოწოდებისა, კონფორმიზმის გამო, სრულად იმეორებენ მთავრობის დეზინფორმაციას, სტუდენტებს კვლავ უხსნიან რომ ეს კანონი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ევროინტეგრაციის მიზნებს და ემსახურება უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას.

2024 წელს რუსული კანონის მიღების გამო, საქართველოს მასშტაბით “რუსული კანონის” წინააღმდეგ 31 უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ.[78] ბსუ-დან საპროტესტო აქციებზე ბევრი სტუდენტი მონაწილეობდა, თუმცა თუ გავითვალიწინებთ, რომ უნივერსიტეტში დაახლოებით 8000 სტუდენტი სწავლობს, უმრავლესობა მაინც არ გამოსულა საპროტესტო აქციებზე. აქციებმა გამოაჩინა, რომ იყვნენ ისეთი სტუდენტები, ვინც არ ემხრობოდნენ სტუდენტთა გაფიცვას და აუდოტორიებში ლექციებზე გამოცხადდნენ. ამ პროცესსაც ხელი შეუწყო ლექტორების პოზიციამ, როცა ზოგიერთები დასაწყისში გაიფიცნენ, თუმცა შემდეგ, თითქოს სტუდენტთა უფლებების დაცვის მიზნით, აუდიტორიებში გამოცხადდნენ, რაც ვფიქრობ ადმინისტრაციასთან ურთიერთობით მოხდა, რომელსაც სურდა ამ გაფიცვის შეწყვეტა. საბოლოოდ სტუდენტების გადაწყვეტილებით[79] გაფიცვა შეწყდა, რასაც ზოგიერთი ჩემი კოლეგის მსგავსად[80] მეც არ ვეთანხმებოდი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული აქციების დროს გამოჩნდნენ საუკეთსო ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესდნენ პოლიტიკით, რაც არის ძალიან მნიშნელოვანი. ეს ახალგაზრდები დღეს იღებენ უდიდეს გამოცდილებას და მომავალში ისინი გააგრძელებენ საქართველოს მართვას სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციიდან. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ აქციებმა მოიტანა.

ამასთან ერთად, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ სტუდენტების ნაწილი მოქცეულია ადმინისტრაციის გავლენის ქვეშ, იზიარებს მათ პოზიციას და აქტიურად მონაწილეობს მხოლოდ ადმინისტრაციის და ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, თუმცა თავს არიდებს მათი ევროპული მომავლის დასაცავად გამართულ აქციებს და ღიად პოზიციის დაფიქსირებასაც კი. დღეს რუსული კანონის მხარდაჭერა არის ქვეყნის ევროპული მომავლის, ყველა იმ სიკეთეზე უარის თქმა, რასაც ჩვენ ევროკავშირი გვთავაზობს და რითაც აქტიურად სარგებლობენ სტუდენტები. ყველამ უნდა იფიქროს, რომ ევროპულ სიკეთეებს ვერ ჩაანაცვლებს მთავრობის დაფინანსება და აქტივობები, რომელშიც თქვენ მიიღებთ მონაწილეობას. მიხარია, რომ ახალგაზრდების ნაწილმა გაიაზრა რუსული კანონის საფრთხეები, შეიცვალა პოზიცია და შეუერთდა საპროტესტო მოძრაობას ევროპული მომავლის დაცვისთვის.

შეჯამების სახით შეიძლება ვუპასუხოთ დასაწყისში დასმულ კითხვას. მთავარი მიზეზი, რის გამოც უნივერსიტეტებში უმრავლესობა არ აპროტესტებს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებულ კანონს, არის თავად უნივერსიტეტების გაუმჭვირვალობა. უნივერსიტეტი არის ყველაზე დახურული დაწესებულება საქართველოში და სამწუხაროდ, საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდ ნაწილს აწყობს ასეთი ვითარება. ამიტომ ტყუილია, როდესაც მთავრობა კანონის მიღების მიზნად უცხოური ფინანსების გამჭვირვალობას აცხადებს. ამ კანონის მიზანია თავისუფალ ადამიანებზე თუ ორგანიზაციებზე, მათ შორის უნივერსიტეტებზე, პროფესორებზე ზემოქმედება და მათზე კონტროლის დამყარება. მთავრობამ პირველ რიგში, საკუთარი გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს, ხოლო საუნივერსიტეტო საზოგადოება უნივერსიტეტში დახულულ პროცესებს უნდა აპროტესტებდეს. ეს არის სწორედ განვითარების ევროპული გზა და უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური ღირებულებების ერთგულება, რაზედაც ამ ბლოგის დასაწყისში ვისაუბრეთ. თუ გვსურს გვქონდეს ნამდვილად ევროპული უნივერსიტეტი, საჭიროა ფუნდამენტური, სისტემური ცვლილებები უნივერსიტეტში, გამჭვირვალე, საჯარო პროცესების დამკვიდრების მიზნით, რაც გამორიცხავს ნეპოტიზმს, კორუფციას და ხელს შეუწყობს ჯანსაღი, კვალიფიკაციაზე და აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას.

მალხაზ ნაკაშიძე

ბსუ-ს პროფესორი,

ჟან მონეს კკათედრის (EUCONST) ხელმძღვანელი,

ჟან მონეს მოდულის (TRIO.JOIN.EU) კოორდინატორი,

ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის (EUI)

რობერტ შუმანის წამყვანი კვლევების ცენტრის (RSCAS)

ჟან მონეს მიწვეული მკვლევარი

2024 წლის ივლისი, ფლორენცია, იტალია


 

[1] ბსუ-ს პროფესორი, ევროკავშირის ჟან მონეს კათედრისხელმძღვანელი http://jeanmonnetchair.edu.ge

[2] საქართველოს კონსტიტუცია, 1995 წლის 24 აგვისტო https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

[3] https://old.tsu.ge/data/file_db/qa_bologne/universitetebis%20didi%20qartia.pdf

[4] https://bsu.edu.ge/main/page/2-416/index.html

[5] http://www.malkhaznakashidze.com/ბიოგრაფია

[6] ბსუ-ს სტუდენტები ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ, 8 მარტი 2023, TV 25

 https://www.tv25.ge/news/politics/bsu-s-studentebi-ets-rusuli-kanonis-tsinaaghmdeg

[7] „ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ – არა რუსეთს! კი ევროპას!“ – სტუდენტებისაქცია ბათუმში, ბათუმელები11.04.2024 https://batumelebi.netgazeti.ge/news/523278/?fbclid=IwAR0ohOU9JDlJPNNEUCft87VLgK_6_ZCUSowQI9x4My1ioZaWncqme5ys2Us_aem_AUF5eKBiJLjAYfmH5YZCve-jolxxPua4-ya7oE3oDFZL6KIz-atVapJc1U960ZQ6P-91BTfa35p2fIMDAmqbCV7-

[8] 28 მაისს, BSU-ს კიბეებთან “რუსული კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

 https://bm.ge/news/28-maiss-bsu-s-kibeebtan-rusuli-kanonis-tsinaaghmdeg-saprotesto-aqtsia-gaimarteba

[9] ინიცირებული კანონპროექტი და სხვა მასალები https://info.parliament.ge/v1/law-drafting/bill/28355?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR3v9VblDWIRfzFhZsivVss2NSV8mL7AnZuRzrQ9iy3jiAk2zmNYFMDtfLU_aem_5p3BIRI4lc44Q9uRNms1-w

[10] საქართველოს კანონი     უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, 28/05/2024,  https://matsne.gov.ge/ka/document/view/6171895?publication=0

[11] 13 მაისს, ბათუმში სტუდენტები გაიფიცებიან https://ajaratimes.ge/13-მაისს-ბათუმში-სტუდენტებ

[12] ბსუ-ს სტუდენტები ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ https://www.youtube.com/watch?v=eiMZ8braQlwhttp://www.malkhaznakashidze.com/აქტივიზმი

[13] ირაკლი კობახიძე „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს იცავს, არასამთავრობოებს უტევს დამოთხოვნებს აყენებს Civil.ge Send an email 03/03/2023 – https://civil.ge/ka/archives/528729

[14] კობახიძის თქმით, „რუსული კანონის“ მსგავსი კანონის მიღებას აღარ აპირებენ 12 დეკემბერი, 2023, ბათუმელებიhttps://netgazeti.ge/news/701430/

[15] ევროკავშირი: „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირება „სერიოზულშეშფოთებას“ იწვევს Civil.ge Send an email 04/04/2024 https://civil.ge/ka/archives/590085

[16] ქართველებმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა — ჰერჩინსკი 9 ივლისი, 2024 • ნინოჩიჩუა https://netgazeti.ge/news/730745

[17] პროფესორ-მასწავლებლებზე ეს ნაკლებად ითქმის, რადგან მათი უმრავლესობა სამთავრობო,მმართველი პარტიის პოზიციას იზიარებდა ან პოზიციას საერთოდ არ გამოხატავდა და მხოლოდმცირე ნაწილი აპროტესტებდა ღიად ე.წ. რუსულ კანონს.

[18] საქართველოს კანონი   უმაღლესი განათლების შესახებ, სსმ, 2, 10/01/2005, https://matsne.gov.ge/ka/document/view/32830?publication=111

[19] უნივერსიტეტები ივსება ჩაწყობით, ნეპოტიზმით, ისინი კი რექტორს ირჩევენ – ინტერვიუდოქტორთან 27.12.2022, https://batumelebi.netgazeti.ge/news/456620/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR1xbC8Sl_dOpMD2JqEYjgk9aZK8wyz4WMRCd8hcSy6VPPd0GCZlvcFGM7U_aem_MFmh_FFUAKEyEThcgRxVwg

[20] აქ შემიძლია პირადი მაგალითიც მოვიყვანო. რამდენიმე წლის წინ, ფაკულტეტზე გაჩნდა ვაკანსია სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე და გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა, რაც ვაცნობე ფაკულტეტის ადმინისტრაციას. მოვამზადე დოკუმენტები კონკურსისთვის, თუმცა ერთ დღეს მითხრეს, რომ ეს საშტატო ერთეული გაქუმდა რადგან არ არსებობდა მისის საჭიროება. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიმტკიცებდა, რომ კონსტიტუციური სამართალში არ იყო საჭირო სრული პროფესორის თანამდებობა, რაც ერთადერთი იყო ამ მიმართულებაში. ამ პერიოდში საჯაროდ ვაკრიტიკებდი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გარკვეულ მოქმედებებს. რა თქმა უნდა ეს უკავშირდებოდა ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას, რის გამოც საშტატო ერთეული საერთოდ გააუქმეს რათა არ დამეკავებინა ეს თანამდებობა. ამ პერიოდში განაცხადი წარვადგინე ევროკომისიაში ჟან მონეს პროფესორის და კათედრის ხელმძღვანელის პოზიციისთვის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე ათას მონაწილეს შორის გავიმარჯვე. ევროკავშირმა გააფორმა ხელშეკრულება უნივერსიტეტთან რის საფუძველზეც, 3 წლით დავიკავე ჟან მონეს პროფესორის თანამდებობა. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, კვლავ შეიქმნა სრული პროფესორის საშტატო ერთეული კონსტიტუციურ სამართალში, რაც „დაემთხვა“ ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც თავად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებისთვის დამტკიცდა სრულიპროფესორის აკადემიური თანამდებობები და ყველა მათგანმა დაიკავა სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობები.

[21] უცხოელი მეცნიერები საგრანტო პროექტების შერჩევაზე რუსთაველის ფონდის დირექტორს მიმართავენ Civil.ge Send an email 30/09/2022 https://civil.ge/ka/archives/510097

[22] ეროვნულ მუზეუმის დავა კულტურის სამინისტროსთან სამეცნიერო პროექტებზე გამოყოფილ გრანტებზე Civil.ge Send an email 14/02/2022 https://civil.ge/ka/archives/472586

[23] 13 აპრილი, 2017 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთაველის ფონდისმუშაობის პარალიზებას გამოიწვევს? – რას ამბობენსპეციალისტები https://edu.aris.ge/news/sakonstitucio-sasamartlos-gadawyvetileba-rustavelis-fondis-mushaobis-paralizebas-gamoiwvevs-ras-amboben-specialistebi.html

[24] https://erc.europa.eu/apply-grant

[25] საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულება,აკადემიური საბჭოს 2016 წლის 09 ივნისის N36 დადგენილება https://bsu.edu.ge/text_files/ge_file_20199_6.pdf

[26] ბსუ-ში 2024-2025 წლებში განსახორციელებელი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითიპროექტების შესარჩევი კონკურსისგამოცხადებისშესახებ https://bsu.edu.ge/main/page/20199/index.html

[27] 2020 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი სამეცნიერო – კვლევითი პროექტების შესარჩევიკონკურსი https://www.bsu.edu.ge/main/page/13511/index.html

[28] გარდა სხვა პროექტების დაფინანსების პრაქტიკისა, ეს მოსაზრება ეფუძნება ჩემს პირად პირად გამოცდილებასაც, როცა 2020 წელს, ჩემს მიერ წარდგენილი საგრანტო პროექტი უნივერსიტეტმა არ დააფინანსა. გარდა იმისა, რომ დაფინანსებაზე უარი არ ყოფილა დასაბუთებული საფუძვლიანი არგუმენტებით, ეს განაცხადი განიხილა კომისიამ რომლის ყველა წევრს არ ჰქონდა შესაბამის სფეროში კომპეტენცია, ასევე არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი კომისიასა და ადმინისტრაციას შორის. მიუხედავად იმისა, რომ კომისიას გამარჯვებულ პროექტთან დაკავშირებითაც ჰქონდა შენიშვნები, ეს პროექტი მაინც გამოაცხადეს გამარჯვებულად. ასეთი ბევრი მაგალითის განხილვა შეიძლება. იხ. შეფასების ოქმი https://bsu.ge/text_files/ge_file_13635_7.pdf იხილეთშედეგები https://bsu.edu.ge/main/page/13635/index.html

[29] შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საგრანტოპროექტები, https://bsu.edu.ge/sub-45/links/8/index.html

[30] ბსუ-ს მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები https://bsu.edu.ge/sub-45/links/7/index.html

[31] სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების სამეცნიერო საგრანტოპროექტები https://bsu.edu.ge/sub-45/links/9/index.html

[32] „ლექტორებსაც ეშინიათ სტუდენტებთან ერთად გასვლის“ – ბსუ-ს სტუდენტი29.03.2023, https://batumelebi.netgazeti.ge/news/472414/

[33] „არსებობს წითელი ხაზი, რომლის იქითაც ქართველები რეაგირებენ“ – ბსუ-ს ლექტორებირუსულ კანონზე 06.03.2023HTTPS://BATUMELEBI.NETGAZETI.GE/NEWS/468771/

[34] მაგალითად, 2023 წლის თებერვლის დასაწყისში წარვადგინე განაცხადი აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის საგრანტოკონკურსზე აშშ-ში კონფერენციაში მონაწილეობის ხარჯების დასაფინანსებლად. ორი კვირის განმავლობაში სამინისტროს არ დაუდასტურებია განაცხადის მიღება, ხოლო ორი თვის შემდეგ, მომწერეს, რომ საგრანტო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება  დაფინანსებით ესარგებლათ იმკონკურსანტებს ვისაც მიმდინარე წელს უნივერსიტეტიდან არ მიუღიათ დაფინანსება. ბსუ-დან მივიღე დაფინანსება 2000 ლარის ოდენობით, თუმცა ეს აშშ-ში ვიზიტისთვის არ იყო საკმარისი და სამინისტროს თანადაფინანსებისთვის მივმართე. სამინისტრომ ჩემი განაცხადი გვერდზე გადადო და წერილიც კი არ მომწერა, როცა იცოდნენ რომ ველოდებოდი გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ. სამინისტროსთან ჩემი კომუნიკაცია 5 თვე გაგრძელდა და საბოლოოდ დავადგინე, რომ ამ კონკურსზე სამინისტროში შევიდა 13 განაცხდი, საიდანაც 9 პროექტი ბსუ-ს პროფესორებს ეკუთვნოდათ. კომისიამ 12 განაცხადი დააფინანსა და მხოლოდ ჩემი განაცხადი არ განიხილა, მაშინ როდესაც ბსუ-დან ერთი პროფესორის ორი განაცხადი მიიღო და განიხილა. თუ სამინისტრო მიიღებდა და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით განიხილავდა ჩემს განაცხადს, იგი რეიტინგული სიის სათავეში იქნებოდა და აუცილებლად უნდა დაფინანსებულიყო. სხვა მონაცემების გარდა, დებულების მიხედვით, გრანტის გაცემისას უპირატესობა ენიჭებოდა იმ კონკურსანტებს, რომლებიც მონაწილეობენ აშშ-ში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში. ამიტომ ასეთი უკანონო ფორმა მოიფიქრეს და საერთოდ არ განიხილეს ჩემი განაცხადი. კომისიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა და იგი ეწინააღმდეგება კონკურსის დებულებას და საქართველოს კანონმდებლობას. ჩემი ვიზიტი დამთავრდა ამ სამეცნიერო შედეგით: https://www.bloomsbury.com/us/architecture-of-constitutional-amendments-9781509959082/ რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა და საქართველოდან ასეთი პუბლიკაციები იშვიათია. ეს პუბლიკაცია ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში. მე არ ვიცი რა შედეგები წარმოადგინეს სხვა მონაწილეებმა, რომლებიც დააფინანსა სამინისტრომ.

[35] საერთაშორისო პროექტები, რომლებსაც ბსუ ახორციელებს, იხილეთ ინფორმაცია ვეგვერდის მარცხენა კუთხეში https://www.bsu.edu.ge/sub-19/news/index.html

[36] USAID-მა განათლება მომავლისთვის პროგრამის განსახორციელებლად ბსუ შეარჩიაhttps://bsu.edu.ge/main/page/20046/USAID%20განათლება%20მომავლისთვის/index.html

[37] თანამშრომლობის მეემორანდუმები სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან https://www.bsu.edu.ge/sub-19/page/2-168/index.html

[38] https://www.bsu.edu.ge/sub-71/page/3-506/index.html

[39] https://www.facebook.com/photo/?fbid=856437886525141&set=a.565621592273440

[40] ბსუ-ს 19 სტუდენტი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება https://bsu.edu.ge/main/page/19389/index.html?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR2GdiXEvti-iMFZdbQZebqzqaxSyZyxYGRIx94Zwu_leIkoSgC5hMT-jtI_aem_rJrtl61EsgjvEywkrCToYA

[41] ბსუ-ს დასრულებული პროექტები https://www.bsu.edu.ge/sub-19/page/3-469/index.html

[42] ბსუ-ს დასრულებული პროექტები https://www.bsu.edu.ge/sub-19/page/3-468/index.html

[43] ბსუ-ში „იდეატორთა კლუბის“ შეჯამება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართაhttps://www.bsu.edu.ge/main/page/18972/ნანა%20მაკარაძე/index.html

[44] ბსუ-ს გაცვლითი პროგრამების სტატისტიკა https://www.bsu.edu.ge/sub-19/page/2-532/index.html

[45] ვიზიტი ბოსტონის, ვერმონტისა და ნიუ-იორკის წამყვან უნივერსიტეტებში, 3 აპრილი 2024 წელი https://www.bsu.edu.ge/main/page/20646/ნანა%20მაკარაძე/index.html

[46] ვიზიტი აშშ-ში „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, 13-25 მაისი 2024,https://www.bsu.edu.ge/main/page/20773/index.html

[47] ამ კანონის მიღებით, შესაძლოა, შეწყდეს „ერაზმუს+“, როგორც ეს მოხდა რუსეთში – ბსუ-სპროფესორი 07.05.2024 https://batumelebi.netgazeti.ge/news/525947/

[48] საერთაშორისო პროექტები, რომლებსაც ბსუ ახორციელებს, იხილეთ ინფორმაცია ვეგვერდისმარცხენა კუთხეშიhttps://www.bsu.edu.ge/sub-19/news/index.html

[49] https://www.bsu.edu.ge/sub-19/page/3-356/index.html

[50] https://www.bsu.edu.ge/sub-19/page/3-522/index.html

[51] https://bsu.edu.ge/sub-45/links/8/index.html

[52] საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება “მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე” მაისი 14, 2024 https://www.entrepreneur.com/ka/business-news/saqartvelos/474115

[53] TV25: ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ბსუ-ს სტუდენტებს ოპოზიციის დისკრედიტაციასაიძულებს

28.06.2022. https://droa.ge/?p=127767 TV25 https://www.tv25.ge/news/politics/eqskluzivi-batumis-sakrebulos-deputati-bsu-s-studentebs-opozitsiis-diskreditatsias-aidzulebs

[54] რატომ წაშალა ბსუ-მ პროევროპული აქციის მხარდამჭერი პოსტი გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში? https://tv25.ge/news/Society/ratom-tsashala-bsu-m-proevropuli-aqtsiis-mkhardamcheri-posti-gamoqveynebidan-ramdenime-saatshi

[55] რას ცვლის გაცვლითი პროგრამები ევროპის უნივერსიტეტებშიhttps://www.facebook.com/batumelebi/videos/1026792612217723

[56] კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის მოქალაქეობა – ბსუ-სპროფესორი https://www.youtube.com/watch?v=wya83Nffj-Y

[57] კობახიძე სტუდენტებზე: ორიენტაცია აქვთ არეული, ბიჭებმა ცოლი მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ  10 ივნ 2023 https://formulanews.ge/News/92148

[58] კობახიძე: „ნაციონალი ლექტორები, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ ნიშნების მომატებას სთავაზობდნენ“ მერი კობიაშვილი 14.03.2023 https://fortuna.ge/kobakhidze-nacionali-leqtorebi-studentebs-aqciebshi-monawileobis-sanacvlod-nishnebis-momatebas-stavazobdnen/

[59] 14 მარტი, 2023  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაhttp://www.gd.ge/show-news/1659/„ქართული-ოცნების“-თავმჯდომარის-ირაკლი-კობახიძის-განცხადება%3Flang=ge.html

[60] მხოლოდ იმის გახსენებაც საკმარისია, რომ 2004 წელს ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ბსუ-ში, ჯერ კიდევ ეროვნული გამოცდების ამოქმედებამდე, უამრავი ზეწოლის, ძველია დმინისტრაციისგან (ვინც წლების განმავლობაში იღებდა ქრთამს სტუდენტების მოწყობაში) წინააღმდეგობის, უამრავი შეურაცხმყოფის მიუხედავად, ჩავატარეთ კორუციისგან თავისუფალი პირველი მისაღები გამოცდები, რის საფუძველზეც ბევრი ახალგზარდა უნივერსიტეტში ჩაირიცხა ქრთამის გადახდის გარეშე. ეს კურსდამთავრებულები დღეს არიან ხელისუფლებაში და მხარს უჭერენ რუსულ კანონს, ხოლო ჩვენს მიმართ ავრცელებს მთავრობის მიერ შექმნილ პროპაგანდას და ტყუილებს.

[61] საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიhttps://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_20017_1.pdf

[62] ბსუ-ს სტუდენტები “ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, სალექციო საათებში, 28.10.2016 HTTPS://BATUMELEBI.NETGAZETI.GE/SLIDESHOW/59761/?FBCLID=IWZXH0BGNHZW0CMTEAAR1H4E9CHJW-WSZBUGYRACTXINLVSRLTCG7XDMFIQPC7VMM7SLPWFSO3NQM_AEM_RH0F-MQM10NIOXE8TN8LWA

[63] ირაკლი ჭეიშვილი რექტორის არჩევნებში ჩარევაზე, ბათუმელები, 14.03.2015  HTTPS://BATUMELEBI.NETGAZETI.GE/NEWS/9980/

[64] გია თავამაიშვილი ბსუ-ს რექტორობის კანდიდატის მხარდაჭერაზე, ბათუმელები, 14.03.2015 HTTPS://BATUMELEBI.NETGAZETI.GE/NEWS/9981/

[65] ზურაბ პატარაძე: რექტორის არჩევნებზე ზეწოლა გამორიცხულია17.07.2016 https://batumelebi.netgazeti.ge/news/51790/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR2g4X_h8I02yKXm-s_Yd-Ov0HrIPmGeHOT7SCLmtmxURGSGpmHaHlfCdZo_aem_ASHMI3i6ax1J0GyFBTuwfQ#sthash.gloet7GF.mj3FY57R.dpbs

[66] ბსუ-ში ახალ რექტორს ვერ ირჩევენ – კანდიდატი არ არის, 13.07.2024 HTTPS://BATUMELEBI.NETGAZETI.GE/NEWS/534634/

[67] ბსუ-ში ახალ რექტორს ვერ ირჩევენ – კანდიდატი არ არის13.07.2024 https://batumelebi.netgazeti.ge/news/534634/

[68] ბსუ-ში, მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში, მხოლოდ მოქმედი რექტორი დარეგისტრირდა 20.07.2024 https://batumelebi.netgazeti.ge/news/535998/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR1kQ0rs2MfUvFRypM60utLzSmxdCGUzYtV5sPKOleBIaUvZCeUgsMBhc8g_aem_u6C2l_fUj4pb2czh8rqJ1Q

[69] მართლა აღარ სურს არავის ბსუ-ს რექტორობა? – ორი მოსაზრება ჩაშლილ არჩევნებზე, 14.07.2024 HTTPS://BATUMELEBI.NETGAZETI.GE/NEWS/535011/?FBCLID=IWZXH0BGNHZW0CMTEAAR2HYILXA8J2RGWQ3DDHL9_10EN90IHCYMLILCMVNUSUCPP7UHB-EM-6UYE_AEM_JBS2OLFPFOWMLLOWNTOGZA

[70] არის თუ არა ბსუ-ს კანცლერის არჩევა პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი?  24 ივნისი, 2015 https://edu.aris.ge/news/aris-tu-ara-bsu-s-kancleris-archeva-politikuri-gadawyvetilebis-shedegi.html

[71] აქ შეიძლება ვინმეს კითხვა გაუჩნდეს ჩემს შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ განსხვავებული შემთხვევა იყო. ცნობილია, რომ “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულიუმაღლესი საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითიდაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის23 თებერვლის№37 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა რეგიონში არსებული ყველა დაწესებულების რეორგანიზაცია და მათი გაერთიანების გზით დაფუძნდა „საჯარო სამართლისიურიდიული პირი – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩემი არჩევის მიზანი იყო რეორგანიზაციის სამართლებრივი და საფინანსო-ეკონომიკური პროცესის ხელმძღვანელობა. ამგვარად, მე როგორც უნივერსიტეტის თანამშრომელი, მთავრობის რეკონედაციით ამ პროცესის განსახორციელებლად ვიყავი არჩეული ამ თანამდებობაზე. ყველამ იცის, რომ 2 წლის შემდეგ, თანამდებობის დატოვების სურვილი არ მქონდა, თუმცა მოქმედ რექტორთან დაპირისპირების (ერთ-ერთი მიზეზი იყო ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის კონკურსის გაყალბება და სხვა) და მთავრობის მოთხოვნით, იძულებული ვიყავი ვადაზე ადრე დამეტოვებინა უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობა, რადგან  ასეთ გარემოში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ვეხედავდი. აქ არის კომენტარები https://netgazeti.ge/life/5533/

[72] მაგალითად, 2014 წელს გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნებში, იურიდიული ფაკულტეტიდან. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ახდენდნენ ჩემზე ზეწოლას და მოითხოვდნენ არ დამეყენებინა კანდიდატურა, რადგან ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული და მე არავინ ამირჩევდა აკადემიურ საბჭოში. მე მაინც დავაყენე კანდიდატურადა გავიმარჯვე არჩევნებში, ფაკულტეტის საბჭოს მხარდაჭერით.

[73] ბსუ-ს ბრძანება აკადემიური საბჭოს არცევნების გამოცხადების შესახებ https://bsu.edu.ge/sub-59/page/17593/index.html 

[74] ბსუ-ს   აკადემიური საბჭოს არჩევნებში (გამოცხადებული ბსუ-ს რექტორის2022 წლის 19 ოქტომბრის N 01-02/242 ბრძანებით) დარეგისტრირებულიკანდიდატები https://bsu.edu.ge/sub-60/page/17683/index.html [75] ბსუ-ს   აკადემიური საბჭოს არჩევნებში (გამოცხადებული ბსუ-ს რექტორის2022 წლის 19 ოქტომბრის N 01-02/242 ბრძანებით) 2022 წლის 03-04 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები (აკადემიური და სამეცნიეროპერსონალი) https://bsu.edu.ge/main/page/17739/index.html

[76] მაგალითად, უნივერსიტეტში არიან დეკანები, რომლებიც ფაქტიურად 2004 წლიდან იკავებენ ამ თანამდებობებს. ზოგიერთ შემთხვევაში ფაკულტეტის სახელის გადარქმევის, რეორგანიზაციის, სხვა შემთხვევაში ახალი ფაკულტეტის შექმნის გზით. არის შემთხვევები, როდესაც ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, დროებით სხვა პროფესორი აირჩიეს დეკანის თანამდებობაზე, შემდეგ ეს პირი გადადგა და კვლავ მესამე ვადით აირჩიეს ძველი დეკანი. ეს არის ყოვლად მიუღებელი და შეუთავსებელი აკადემიური სივრცისთვის.

[77] რას ნიშნავს უცხოური გავლენის აგენტი – ბსუ-ში დისკუსია გაიმართა, 7 მარტი2023 https://www.youtube.com/watch?v=lSgOllghJxoრას ნიშნავს „უცხოური გავლენის აგენტი“? – Lec-Talk https://www.youtube.com/watch?v=ssFZHVOe4NY

[78] 31 უნივერსიტეტის სტუდენტები “რუსული კანონის” წინააღმდეგგაიფიცნენ, https://bm.ge/news/31-universitetis-studentebi-rusuli-kanonis-tsinaaghmdeg-gaifitsnen-protesti-mteli-dghis-ganmavlobashi-grdzeldeba

[79] „ვბრუნდებით აუდიტორიებში, მაგრამ ბრძოლა არ ჩერდება“ – ბათუმის სტუდენტური მოძრაობა 22.05.2024 https://batumelebi.netgazeti.ge/news/527268/

[80] https://www.facebook.com/watch/?v=827495999301248

 
Scroll Up
www