უმაღლესი განათლების რეფორმა

ქართული ოცნების მთავრობამ გამოსცა განკარგულება უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ. ქართული ოცნების რეფორმებზე სერიოზული კომენტარი შეუძლებელია და ერთი ბლოგი არ ეყოფა იმ მძიმე ვითარების აღწერას, რაც ამ სფეროში ხდება. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, განსაზღვრულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის. ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა  აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები. ამ ფორმალური ნორმებისგან განსხვავებით, რეალურად სხვა ვითარება გვაქვს უნივერსიტეტებში. მაგალითად, დღეს უნივერსიტეტების ავტონომია საერთოდ გაუქმებულია, უნივერსიტეტები დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, რაც ნიშნავს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო არის მაკონტროლებელი ორგანო, კონტროლდება როგორც საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, ისე საუნივერსიტეტო არჩევნები, დაწესებულების მართვა, უნივერსიტეტების ბიუჯეტის ხარჯვა სახელმიწფო ხაზინის მეშვეობით ხორციელდება, უნივერსიტეტი არ არის თავისი ქონების მესაკუთრე და იგი სახელმწიფოსგან აქვს გადაცემული სარგებლობაში, უნივერსიტეტში სამსახურსი მიღება ეფუძნება ნეპოტიზმს და არა კვალიფიკაციას, კვლევების დაფინანსება გაუმჭვირვალე პროცედურებით, წინასწარ ჩაწყობით, ფორმალური კონკურსებით ხდება, უნივერსიტეტში პროფესორი დასაქმებულია ძირითადად ლექციების წასაკითხად. მაგალითად, პროფესორმა აკადემიური წლის განმავლობაში 300 საათი (ლექცია/სემინარი) უნდა შეასრულოს, რის გამოც მას კვლევისთვის ფაქტიურად დრო არ რჩება. უფრო მეტიც, აკადემიური პირისთვის დასაშვებია დამატებით 200 საათის შესრულება. წარმოიდგინეთ, არიან ლექტორები, ვინც ასეთ დატვირთვას ასრულებენ.

უნივერსიტეტის არის დაწესებულება, სადაც კვლევა და სწავლება უნდა მიმდინარეობდეს. კვლევის გარეშე სასწავლო პროცესი არ არსებობს. რა ცოდნა უნდა შექმნას და გაუზიაროს პროფესორმა სტუდენტს კვლევის გარეშე? წლების წინ, ვითხოვდი აკადემიური დატვირთვის შემცირებას იმ პროფესორებისთვის, ვისაც აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები კვლევის და პუბლიკაციების თვალსაზრისით. შეიქმნა პროექტი, დაიწყო განხილვა, შემდეგ ორი წელი გადაავადეს მისი მიღება, ბოლოს საერთოდ გააუქმეს, რადგან უმრავლესობამ არა საათობრივი დატვირთვის შემცირებას, არამედ სტატიის გამოქვეყნების გამო 2000 ლარიან ერთჯერადი ჯილდოს დაწესებას დაუჭირა მხარი. საჭირო იყო სასწავლო დატვირთვის შემცირება, რადგან პროფესორს მეტი დრო ჰქონოდა კვლევისთვის, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისთვის, საიდანაც შესაძლებელია გაცილებით მეტი სარგებელი მიეღო ამ პროფესორსაც და უნივერსიტეტსაც. საქართველოში პროფესორის ხელფასი (დაახლ. 700 ევრო) არის იმაზე ნაკლები, რაც მაგალითად, ევროპაში ერთ დამწყებ კვლევით ასისტენსტ აქვს, ხოლო მოწვეული ლექტორის ხელფასი საათში 20 ლარია. ბოლო 15 წლის მანძილზე შრომის ანაზღაურების მდგომარეობა მცირედითაც არ გაუმჯობესებულა. წლების განმავლობაში დაფიქსირდა ანაზრაურების ზრდა მხოლოდ 10 %, რაც ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის პირობებში, არ წარმოადგენს ანაზღაურების გაზრდას. არსებული შრომის ანაზღაურება არ არის სამართლიანი და დამამცირებელია ლექტორ-მასწავლებლებისთვის. 

უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმაზე საუბრობს ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მაგრამ დღემდე ეს რეფორმა არ განხორციელებულა. რა ხარისხიან განათლებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა არსებული სამუშაო პირობების გამო, უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობით კვალიფიციური ადამიანები არც ინტერესდებიან და ყველას შეუძლია გახდეს ლექტორი. დღეს ფაქტიურად ძალიან ფორმალური გახდა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვება, რასაც ზოგიერთ დაწესებულებაში ანიჭებენ თითქმის ყველა დარგში, მიუხედავად იმისა სპეციალიზებულია თუ არა ეს დაწესებულება კონკრეტულ მიმართულებაში.

ასეთ პირობებში, პროფესორისგან ითხოვენ მაღალი დონის შრომებს, რომელიც გამოქვეყნებული იქნება საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში და ინდექსირდება web of scinece-ს, scopus-ის თუ სხვა საერთაშორისო ბაზებში. ამ დროს, ქვეყანას არ აქვს ერთი სამეცნიერო ჟურნალიც კი, რომელიც ამ ბაზებში იქნება ინდექსირებული.  მაღალი დონის სამეცნიერო შრომების გამოქვეყნების ნაცვლად, ბევრმა მოიფიქრა ასეთი პუბლიკაციების გამოქვეყნების მარტივი გზები. მაგალითად, ერთ-ერთი არის უცხოელ ავტორთან ერთად ნაშრომის თანაავტორად მიწერა, ფასიან ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნება და აშ. ასეთ მძიმე ვითარებაში, წლების განმავლობაში გვიმტკიცებენ, რომ ეს არის ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტი აბიტურიენთა მოთხოვნადობის და გაცვლითი პროგრამების რაოდენობის მიხედვით. სინამდვილეში დაწესებულების სამეცნიერო მიღწევები არის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი. აბიტურიენტთა მოთხოვნადობის მიხედვითაც მოწინავე ვართ რადგან მთელ დასავლეთ საქართველოში უნივერსიტეტი უკონკურენტოდ არის წარმოდგენილი, დაბალია ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ხოლო გაცვლითი პროგრამების რაოდენობა გამოწვეულია არა ჩვენი რაიმე განსაკუთრებული მუშაობით, არამედ ევროპელი პარტნიორების მიერ პროექტებში ჩვენი მიწვევით, საიდაც არცერთი არ არის ჩვენი უნივერსიტეტის მიერ შექმნილი და არ ხორციელდება ჩვენი კოორდინატორობით. ასევე მუდმივად დიდ წარმატებად წარმოგვიდგენენ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიღებას, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და არსად მსოფლიოში ამ ნიშნით არ იზომება უნივერსიტეტის წარმატება. ამასთან შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) წევრობა შეუჩერდა სწორედ ამ პროცესის პოლიტიზირების გამო. კიდევ ბევრი შემიძლია გავაგრძელო, მაგრამ არის სამთავრობო კომისიის მიზანი გაატაროს რეფორმები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად? მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ კომისიას საერთოდ სხვა “რეფორმები” აქვს ჩაფიქრებული.

რატომ ვარ კრიტიკული უნივერსიტეტში არსებული სისტემის მიმართ? ბოლო 15 წელი, მას შემდეგ, რაც დავტოვე საჯარო სამსახური, დასაქმებული ვარ მხოლოდ აკადემიურ სფეროში და დიდი ენერგია დავხარჯე ამ მიმართულებით განვითარებისთვის, რაც საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, პოსტ-სადოქტორო კვლევა განვახორციელე ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, შემდეგ მოვიპოვე ყველაზე პრესტიჟული ამერიკული და ევროპული კვლევითი სტიპენდიები, ვიმუშავე ამერიკის და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, მუდმივად მონაწილეობას ვღებულობ საერთაშორისო ღონისძიებებში, დღესაც მაქვს თანამშრომლობა წამყვან კვლევით ცენტრებთან,  უნივერსიტეტის სახელით ყოველ წელს ვაქვეყნებ ნაშრომებს საერთაშორისო გამოცემებში. ამ დროს, ჩვენს უნივერსიტეტში პროფესორის სამუშაო პირობები საერთოდ არ იცვლება. ამერიკული და ევროპული მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი ქვეყანაში, სადაც თითქმის ყველგან არის ჩაწყობა და კორუფცია. დღეს კი ქართული ოცნების მთავრობა ამბობს, რომ აჩერებს ევროინტეგრაციას და უარს ამბობ ყველა სახის საერთაშორისო დაფინანსებაზე. ეს ნიშნავს აკადემიური პერსონალისთვის განვითარების ყველა შესაძლებლობის შეზღუდვას, აკადემიური თავისუფლების გაუქმებას და თავისუფალი ადამიანების მხოლოდ ქართული ოცნების ფინანსებსა და გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულებას. ამგვარი ვითარება არის საფრთხე ქართული განათლებისთვის. დარწმუნებული ვარ საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება და ნამდვილი განათლების რეფორმაც განხორციელდება.

მალხაზ ნაკაშიძე,

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი

ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელი

ჟან მონეს მოდულის (TRIO.JOIN.EU) კოორდინატორი

Scroll Up
www